სამთავისისა და გორის ეპარქია უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისათვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია.
ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რომელიც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდან მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკოპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა.

ქართლის სამეფოში გორის სტრატეგიულ-პოლიტიკური და სავაჭრო მნიშვნელობის ქალაქად გადაქხევასთან ერთად დაისვა საკითხი გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭების შესახებ. მართალია, გორის მღვდელმთავარი - “გორის სამიტროპოლიტოს მმართველი 1748 წელს არის მოხსენებული, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია. მაგალითად, 1769 წელს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი წყვეტს გორის მართლმადიდებელ ქრისტიანთა საეკლესიო საქმეეებს, ხოლო მთავარეპისკოპოს ბესარიონის შესახებ 1768 წლის ერთ-ერთ სიგელში ხაზგასმულია, რომ ის “გორში მსახლობელთ ქართველთ ეპისკოპოსი არის, და ამის სამწყსონი არიან”, მთავარეპისკოპოსი პაისიოსი კი 1801 წელს გაცემულ სიგელში აღნიშნავს: “პირველად ესე, რომ მე გორის ეკლესიის და სამწყსოსი ეპისკოპოსი ვარ”. 1789 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლ-კახეთის ეპარქიების ჩამონათვალში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ II (1788-1811 წწ) აწერს, ასეთ რამეს ვკითხულობთ “სამთავროისა ეკლესია, რომელიცა არს მცხეთას, მახლობელ დიდისა კათოლიკე ეკლესიისა; ამისი სამწყსო არს, დიდს ლიახვსა და რეხულას შუა მყოფნი სოფელნი რიცხვით სამეოცნი. და ამასვე ჰყავს სამწყსოდ თავადნი ორნი და აზნაურნი ოცდაოთხნი გვარნი”.
1811_1917 წლებში გორის ეპისკოპოსები საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ.
1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.

ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმთავართაგან გამორჩეულნი არიან:
• მთავარეპისკოპოსი მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1419-1426 წწ);
• მთავარეპისკოპოსი მალაქია (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1532-1534 წწ);
• მთავარეპისკოპოსი იოანე ავალიშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წწ);
• ცნობილი მწიგნობარი და კალიგრაფი მთავარეპისკოპოსი ევდემონი XVII ს-ის I ნახევარი;
• მთავარეპისკოპოსი დომენტი ბაგრატიონი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1675 წწ);
• მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ნაცვლიშვილი XVII_XVIII სს;
• მთავარეპისკოპოსი კირილე ციციშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737-1739 წწ);
• მთავარეპისკოპოსი რომანოზ ერისთავი 1737-1739 წწ;
• მთავარეპისკოპოსი პაისიოს გარსევანიშვილი დაახლ. 1788-1789 და 1801-1802 წლები;
• ეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური 1811-1814 წწ;
• ეპისკოპოსი ნიკიფორე ჯორჯაძე 1842-1850 წწ;
• წმიდა გაბრიელ ქიქოძე 1858-1860 წწ;
• წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე 1869-1882 და 1886-1898 წლები;
• ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე 1898-1900 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წწ);
• წმიდა კირიონ საძაგლიშვილი 1900-1901 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წწ);
• ეპისკოპოსი ქრისტეფორე ციცქიშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 წწ);

XIX ს-ში გორში დაარსდა სასულიერო და სამაზრო სასწავლებლები, სამსწავლებლო ანუ საოსტატო სემინარია, ქალთა პროგიმნაზია, ვაჟთა პროგიმნაზია და სხვა.
კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამინი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად. “მოქცევაი ქართლისაი” -ს მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა “კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო” კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც. კასპი განსაკუთრებით V ს-ში დაწინაურდა. ქალაქს დიდი სამხედრო _ სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო _ ადმინისტრაციული ერთეულის _ “კასპის სასპასალაროს” ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი. VIII ს-ის 30-აინ წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. “და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი” _ აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს). კასპი ადმინისტრაციულად ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ (XV ს-ის II ნახევარში ქართლის მეფე სიმონ I-მა იგი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX ს. კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა.

საეკლესიო ტრადიცია სამთავისში საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიაებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, ,,...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი” (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - “ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე”. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა “ქალაქსა სამთავისისასა”. სამთავისის ეპისკოპოსი იყო “მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა”. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლოკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელ;ის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა. ამის შემდგომ სამთავნელი მღვდელმთავარი გიორგი V ბრწყინვალის პერიოდში გვხვდება “ამას ჟამსა მოვიდა ამბავი, კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრნეს და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარმოიგზავნა ძე შალვა ერისთავისაი, რომელსა ერქვა პიპაი”, რომელმაც მოიპოვა კლიტენი “და მოუწერეს სამთავნელსა და ერისთავსა გირშელს და ყოველსა ერსა ცხრაზმისხევისასა”.

დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთავრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მისი ხელახალი აღორძინება წმიდა მეფე ალექსანდრე დიდს უკავშირდება, რომელსაც “აქვნდა სასოება დიდისა მღვდელმთავრისა სამთავნელისა ზოსიმესი ჰყვარობდა კეთილსა ქცეულებასა და პატივისცემასა ეკლესიისათა”. მეფეს სამთავისის ეპისკოპოსისთვის დაუმზადებია საწინამძღვრო ჯვარ-დროშა, რომელიც წინსაძღოლ სამღვდელმთავრო დროშად ითვლებოდა. XV ს-ის II ნახევარში მოღვაწე გრიგოლ სამთავნელს 1459 წელს მოუწვევია კრება უწესო საქმეთა აღმოსაფხვრელად. XVII ს-ის 70-80 წლებში ეპისკოპოს მელიტონის დროს მოიხატა ამჟამინდელი კათედრალური ტაძარი. მელიტონ სამთავნელის შემდეგ სამთავნელ ეპისკოპოსად ცნობილი კალიგრაფი და მთარგმნელი კვიპრიანე ერისთავი დადგინდა, რომელიც 1785 წელს საქართველოში სტუმრად მყოფ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოს (1669-1709 წწ) იერუსალიმში გაყვა სადაც შეისწავლა ბერძნული და ქართულად თარგმნა “კურთხევნი” და “განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი”. 1703 წელს მანვე თარგმნა “საქმენი შვიდთა სასიკუდინე ცოდვათანი”.

დიდია ვახტანგ VI-ის ინიციატივით დაარსებულ სტამბაში კვიპრიანე სამთავნელის ღვაწლი.
XVIII ს-ის 30-40-იან წლებში სამთავნელი ხდება ცნობილი დიპლომატი და ქართველ მეფეთა ელჩი რუსეთში მღვდელმთავარი რომანოზი (ერისთავი), ხოლო 40_50 -იან წლებში სამთავნელ მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ბენედიქტეა, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში ეპისკოპოსმა ფილიპემ შეცვალა. 1788 წელს სამთავნელი ეპისკოპოსი პაისიოსი სამთავროსა და გორის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი, ხოლო სამთავნელად ეპისკოპოსი იულიოსი დაინიშნა, რომელიც ეპისკოპოსმა გერვასიმ (მაჭავარიანი) შეცვალა. 1803 წელს, წილკნის მღვდელმთავრის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს, ხოლო შემდეგ ნიქოზის საეპისკოპოსოც. 1811 წლის 30 ივნისს რუსეთის სინოდის ბრძანებით გაუქმდა ქართლ-კახეთის მოქმედი ეპარქიები და შეიქმნა მცხეთა-ქართლის ეპარქია, რომელშიც შევიდა სამთავისის საეპისკოპოსოც და განაგებდა რუსეთის სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ეგზარქოსი. 1917 წლის სექტემბრიდან სამთავისის სამღვდელმთავრო საყდარი არსებობას აგრძელებს ურბნისის ეპარქიაში, რომელიც მოიცავდა მთელ შიდა ქართლს. აღნიშნული ეპარქია 1995 წელს გაიყო და სამთავისისა და გორის ეპარქია გაერთიანებული სახით აღსდგა, რომელსაც ამჟამად მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) მღვდელმთავრობს.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღმასკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად, სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმიდეებით.

ეს უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, “სიონის პირისპირ, მდებარე მონასტერი - ნათლისმცემელისა”; მარიამისხევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი XII ს. ვერეს სამონასტრო კომპლექსი XI ს; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: “დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისის მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი”. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება “ესტატეწმინდა”, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის - პაატას თავი; გამორჩეული იყო რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი.

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

ტექსტი მომზადებულია სამთავისისა და გორის ეპარქიაში