18 ოქტომბერს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს წმ. გრიგოლ ხანძთელისა და ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა და ქვაბთა შინა მოღვაწეთა ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს. ეს დღე ორმაგად სასიხარულოა ეპარქიის მოსახლეობისათვის, რამეთუ ამ დღეს იქნა შესრულებული ეპარქიის მწყემსმთავრის - გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მღვდელმთავრად ხელდასხმა, რომელიც 15 წელია ღირსეულად ატარებს ღვთისაგან დაკისრებულ სამღვდელმთავრო ჯვარს. დღესასწაულთან დაკავშირებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებამ. მსახურებაზე ატენის ხეობაში მდებარე ფეტვისხევის (მარიამხევი) მამათა მონასტრის წევრი - სქემონაზონი არსენი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკონად, რომელიც იმსახურებს ამავე მონასტერში.