6 სექტემბერს, საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს. წმინდა ძმები კარბელაშვილების ოჯახი არის სამთავისისა და გორის ეპარქიის სოფელ ქვემოჭალის მკვიდრნი, რის გამოც ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ჩვენს ეპარქიაში. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ქ. კასპში წმ. კეთილმსახურ ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში აღასრულა ლიტურგია. ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიას სტუმრობდნენ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ლიტურგიას ესწრებოდნენ კასპის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წმ. ძმების - კარბელაშვილების შთამომავალნი. ლიტურგიის შემდგომ მეუფე ანდრიამ სტუმრებთან ერთად მოილოცა სამთავისის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი და შეასრულა სადიდებელი პარაკლისი ერთ-ერთი ძმის - წმ. ფილიმონ კარბელაშვილის საფლავთან, რომელიც განისვენებს მონასტრის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან. სამთავისის სამონასტრო კომპლექსიდან ყველანი გაემართნენ სოფელ ქვემო ჭალაში - ჯვარი პატიოსნის ტაძარში, სადაც მსხურობდა წმ. ძმების მამა - დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი. დღე დასრულდა ღონისძიებით, რომელიც გაიმართა წმ. ძმების მამა-პაპეულ სახლში, სადაც დღეს-დღეობით მოწყობილია მუზეუმი. სტუმრებს სამახსოვროდ დაურიგდათ წიგნები და ელ-დისკები მათ მიერ გადარჩენილი და შემონახული ნოტებითა და საგალობლებით.