8 აგვისტო საქართველოსთვის ტკივილის დღეა, რადგან ხუთი წლის უკან საქართველომ ომში დაკარგა სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.
ამ დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად აღასრულა საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დასრულების შემდგომ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩვენი გმირების სახელზე აღმართულ ქვაჯვართან (მემორიალი) გადახდილ იქნა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. 
პანაშვიდს ესწრებოდნენ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - ბ-ნი დავით დარახველიძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი - ბ-ნი სოსო ვახტანგაშვილი, შიდა ქართლისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წევრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, მრევლი და გორის საზოგადოება. 
პანაშვიდის შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ მოინახულა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა და დაესწრო თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენებას, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას. სასულიერო გიმნაზიიდან ისინი გაემართნენ სოფელ შინდისში, სადაც პატივი მიაგეს სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ 17 ახალგაზრდა ჯარისკაცთა ხსოვნას. ამ დღესთან დაკავშირებით სამთავისისა და გორის ეპარქიას სტუმრობდა ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი მგალობელ ვაჟთა გუნდთან ერთად და დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება. 
მიტროპოლიტმა სერგიმ და მიტოპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ამავე დღეს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქ. გორის ცენტრში შესრულდა 750 ქართველი ჯარისკაცის ფიცის მიღების წესი, სადაც მონაწილეობას იღებდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია. ფიცის მიღების შემდგომ ჯარისკაცებს აიაზმა (ნაკურთხი წყალი) ასხურეს დეკანოზმა ღვთისო სეხნიაშვილმა და მღვდელმა ლუკა კარელიძემ.