11 აგვისტოს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. 
ლიტურგიაზე მოხდა ორი ხელდასხმა - კასპის საკათედრო ტაძრის დიაკონი გიორგი მურღული ხელდასხმულ იქნა მღვდლად, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ქვათახევის მამათა მონასტრის სქიმონაზონი ისიდორე ქარუმიძე - იეროდიაკონად. 
ამავე დღეს, სოფელ შინდისში სამშობლოსათვის გმირულად თავდადებული 17 ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ბ-ნი ირაკლი ალასანია, პრეზიდენტობის კანდიდატი - ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი - ბ-ნი სოსო ვახტანგაშვილი, აგრეთვე შიდა ქართლისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წევრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.