25 ივნისს, საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის ხსენებას. ისიდორე სამთავნელი არის ჩვენი ეპარქიის მფარველი წმინდანი, ვინაიდან მისი წმინდა ნაწილები განისვებენ სამთავისის საკათედრო ტაძარში. 
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა სამთავისის სამონასტრო კომპლექსში - არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილ VII საუკუნის ბაზილიკაში (ღია ცისქვეშ), რადგან ცენტრალურ XI საუკუნის ამაღლების ტაძარში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც ტაძარს შესძენს კიდევ უფრო დიდ მშვენიერებას. 
ეპარქიის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე ანდრიამ ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვა ქ. გორის წმ. ნინოს ტაძრის წინამძღვარი მღვდელი დავითი (კასრაძე) და სოფელ კავთისხევის ყოველთა-წმინდათა ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი). ღმერთმა ინებოს ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის და ჩვენი ზეციური მფარველების ლოცვითა და მეოხებით, ჩვენი სამშობლოს მშვიდობა და მთლიანობა, ეკლესიის აღორძინება და განმტკიცება ჭეშმარიტებაში.