ა. წ. 4-6 ოქტომბერს, სამთავისისა და გორის ეპარქიის, ასევე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით, თბილისსა და გორში გაიმართა წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) სახელობის მე-5 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს მღვდელმთავრებმა, სასულიერო პირებმა, მეცნიერებმა და უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებმა - საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. მომხსენებლებმა ისაუბრეს რუსეთსა და საქართველოში წმ. პატრიარქის მოღვაწეობის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, საღვთისმეტყველო და ასევე სხვადასხვა რელიგიური საკითხის შესახებ. შედგა I-ლი კრებულის პრეზენტაცია წიგნისა „მასალები ქართულ საეკლესიო ტერმინთა ისტორიისთვის“, რომელიც რელიგიით დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო იქნება. ეს გახლავთ პირველი სერიოზული ნაშრომი ქართული საეკლესიო ტერმინოლოგიის დადგენა-კვლევის სფეროში. კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ სამთავისის სამონასტრო კომპლექსს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და აღდგენითი სამუშაოები. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ და ქართველმა არქეოლოგებმა სტუმრებს გააცნეს აღნიშნულ სამუშაოთა ჩატარებისას მიკვლეული უახლესი არქეოლოგიურ და ისტორიული მასალები.