ოქონობის დღესასწაული ჩვენი ქალაქის მთავარი დღესასწაულია. ოქონობა იმართება აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს და ემთხვევა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა და 6000 გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღეს.
წელს ცუდი ამინდის გამო ვერ გახდა შესაძლებელი, რომ წირვა გამართულიყო ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მშენებარე ტაძარში. 9 სთ-ზე ლიტურგია დაიწყო გორის საკათედრო ტაძარში. ლიტურგია სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოების თანამწირველობით აღასრულა. წირვის შემდეგ შედგა საზეიმო მსვლელობა, ამ დროს გამობრძანებულ იქნა ოქონის ერთ-ერთი ხატი, რომელიც ინახება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.